პარიზი – სიყვარულის ქალაქი

პარიზი – მსოფლიოს სიყვარულის დედაქალაქი, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, საოცნებო ადგილს წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის შეყვარებული წყვილისთვის. ეს ის ადგილია, სადაც იქმნება სილამაზე, ხელოვნება, მოდა… მისი ნახვაც კი სუნთქვას გიჩერებს, თითქოს ფეხქვეშ მიწა გეცლება. და მაინც, რატომ მიიჩნევა პარიზი რომანტიკის სიმბოლოდ?

მოგეხსენებათ, პარიზი გამოირჩევა უნიკალური ხედებით, რაც განპირობებულია იმით, რომ ქალაქის არქიტექტურა თავის მხრივ ორიგინალურია. სწორედ ეს დეტალია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმისა, რაც ქმნის მყუდრო გარემოსა და რომანტიკულ განწყობას.

უნდა აღინიშნოს კინემატოგრაფიის როლიც, რამაც საფრანგეთის დედაქალაქს სიყვარულის ქალაქის იმიჯი შეუქმნა. პარიზში გადაღებულია მრავალი რომანტიკული ჟანრის ფილმი, როგორიცაა Funny Face, Midnight in Paris და ა.შ. თითოეულ ფილმში გადმოცემულია უსაზღვრო სასიყვარულო ემოციები, რომელსაც ადამიანის გონება ავტომატურად აკავშირებს რეალობასთან.

ისტორიას თუ შევავლებთ თვალს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პარიზი წარმოადგენს კულტურისა და ხელოვნების კერას. ვიქტორ ჰიუგო, კლოდ მონე, ფრიდერიკ შოპენი, ანრი მატისი და სხვ. – ეს იმ ადამიანთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ქმნიდნენ ხელოვნებას და წარმოაჩენდნენ ქალაქს, როგორც რომანტიზმის სიმბოლოს.

პარიზში თქვენ შეხვდებით ხელოვნების ხიდს, რომელსაც შეყვარებულების ხიდს უწოდებენ. აქ მოდიან წყვილები, რომლებიც ხიდის ბადეზე ბოქლომის მყარად ჩამოკიდებით და გასაღების მდინარეში ჩაგდებით, ერთმანეთს სამუდამო სიყვარულს პირდებიან. აღნიშნულმა ტრადიციამ სათავე XX საუკუნეში აიღო და თითქმის ერთ საუკუნეს გასტანა.

ახლა კი წარმოიდგინე, როგორ მისეირნობ შენს საყვარელ ადამიანთან ერთად პარიზის ვიწრო ქუჩებში, რომელსაც გაყავხარ ქალაქის უნიკალურ ტაძრებთან და მუზეუმებთან. წარმოიდგინე, როგორ შეიგრძნობ ფრანგული კრუასანების სურნელს და მიირთმევ ჩინებულ წითელ ღვინოს, შემდეგ კი ტკბები პარიზის ულამაზესი ხედებით ეიფელის კოშკიდან. ასე რომ, თუ არჩევანი პარიზში მოგზაურობაზე შეაჩერე, წინ გელის ახალი, უნიკალური განზომილება, რომელიც ყოველ ჯერზე დაუვიწყარ თავგადასავლებს შემოგთავაზებს.

გაზიარება: