პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – ფერფლად ქცეული ისტორია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre Dame de Paris) – ცნობილი როგორც  ნოტრ-დამი, გოთიკური სტილის საკათედრო ტაძარია, რომლის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და თითქმის ორ საუკუნეს გასტანა. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ნოტრ-დამი ფრანგული არქიტექტურის გამორჩეულ და დახვეწილ ნიმუშად არის აღიარებული.

ტაძარი დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ნახვად ტურისტულ ძეგლს წარმოადგენს და მას ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანი სტუმრობს. ტაძარი ასევე ცნობილია მასში განთავსებული 10 ზარით. ყველაზე დიდი ზარი სახელად ემანუელი (ის სხვა ზარების დარეკვამდე ყოველთვის 5 წამით ადრე რეკავს) ტაძარში მე-17 საუკუნიდან არის და 13 ტონას იწონის. სიდიდით მეორე ზარი კი გახლავთ ცნობილი მარია. დანარჩენი 8 ზარის სახელია: გაბრიელი, ანნა ჟენევიე, დენისი, მარსელი, ეტიენე, ჟოზეფი, მაურისიო, ჟან-მარი. ე.ი. 7 ბიჭი და 3 გოგო.

სწორედ ნოტრ-დამში ვითარდება უდიდესი მწერლის, ვიქტორ ჰიუგოს რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. კვაზიმოდოსა და ესმერალდას ისტორია ნაგებობას კიდევ უფრო განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს.

ამ დიად ქმნილებას ნამდვილად ძალუძს თითოეული მნახველის აღტაცებაში მოყვანა, ვინაიდან იგი გამორჩეულია თავისი მასშტაბურობით, ურიცხვი ქანდაკებებითა და მოჩუქურთმებული ორნამენტებით. ნოტრ-დამში საუკუნეების მანძილზე ინახება იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი და ჯვარი, რომელიც ქრისტიანული რელიგიის მთავარ რელიქვიებს წარმოადგენს.

2019 წლის 15 აპრილი სამწუხარო ფაქტით შევა ნოტრ-დამის ისტორიაში. ტაძარში გაჩენილ მოულოდნელ ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში 500-მდე მეხანძრე ებრძოდა, თუმცა ხანძრის შედეგად განადგურებულია სახურავი, მე-19 საუკუნის კოშკურა, ფერადი ვიტრაჟები და ხის ინტერიერი. საბედნიეროდ, ზიანი არ მიადგა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რელიქვიებს, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინს და ჯვრის ნაწილებს, ვინაიდან ისინი საეკლესიო საცავში ინახებოდა.

ასევე, უვნებელია  ტაძ­რის მთა­ვა­რი სტრუქ­ტუ­რა, წინა ფასადი,  მთავარი შესასვლელი კარი და ორი თაღი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ხანძრის გაჩენის მიზეზად ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება.

როგორც სხვადასხვა წყარო გვამცნობს, ტაძრის აღდგენისთვის ადგილობრივმა ბიზნესმენებმა პირადი ხარჯებიდან უკვე გაიღეს რამდენიმე ასეული მილიონი ევრო. იმედია, რომ ნაგებობის რესტავრაცია და პირვანდელი სახის დაბრუნება უმოკლეს დროში მოხდება და ის კვლავ შეძლებს თავისი სიდიადით აღაფრთოვანოს მილიონობით ტურისტი.

გაზიარება: