როგორ აღნიშნავენ ახალ წელს იტალიაში?

ახალი წლის სამზადისი ყველა ქვეყანაში ინდივიდუალურია და გამონაკლისს არც იტალია არ წარმოადგენს. იტალიაში ახალი წელი უჩვეულო თავისებურებებით ხასიათდება და მოსახლეობაც აღნიშნული დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება. განსხვავებით შობისგან, ახალი წელი მათთვის ოჯახურ დღესასწაულთან არ ასოცირდება და იტალიელები ამ დღეს უმეტესწილად სამეგობრო წრესთან ერთად ხვდებიან. ჩვეულებისამებრ ისინი საახალწლო განათებებით რთავენ სახლებს, დგავენ ნაძვის ხეს, ახლობელი ადამიანებისთვის იძენენ საჩუქრებს და ამზადებენ საახალწლო ტრადიციულ სუფრას.

საახალწლო ვახშამი

იტალიური საახალწლო სუფრა საკმაოდ განსხვავებულია. ნაცვლად საცივისა და გოზინაყისა, ამ შემთხვევაში წარმოდგენილია ოსპისა და ქონიანი ძეხვის კერძები, რაც მათი რწმენით იღბალის მომტანი იქნება მთელი წლის მანძილზე. ასევე, იტალიურ სუფრაზე აუცილებლად შეხვდებით სხვადასხვა ტკბილეულს, რომელთაგანაც გამორჩეულია ტკბილი პური (ე.წ. ნაზუქი), რომელიც წარმოადგენს კეთილდღეობის სიმბოლოს. ვახშმის დასასრულს კი იტალიელები მიირთმევენ ხილს და მათ შორის ერთ-ერთი აუცილებლად არის ყურძენი.

სამოსი, წითელი საცვლები

ახალ წელს იტალიაში აუცილებლად ახალი სამოსით უნდა შეხვდეთ, რაც ყველაფერი ძველის (ცუდთან ასოცირებული) უკან მოტოვების სიმბოლოს წარმოადგენს. ასევე, დეკემბრის მეორე ნახევრიდან ტანსაცმლის მაღაზიებში აშკარად მოჭარბებულია წითელი საცვლების რიცხვი, ვინაიდან ადგილობრივებს ახალ წელს აუცილებლად წითელი საცვლები უნდა ეცვათ. მათ სჯერათ, რომ ეს მომავალ წელს უფრო წარმატებულსა და ბედნიერს გახდის. ასევე, მათთვის წითელი ფერი ნაყოფიერებასთანაც ასოცირდება.

სხვა ტრადიციები:

იმისათვის, რომ წინა წლის წარუმატებლობები უკან შემოიტოვონ, იტალიელები აივნიდან ყრიან სხვადასხვა ძველ ნივთს, მათ შორის ჭურჭელსაც. ჭურჭლის დამტვრევა მათთვის იმედგაცრუების წარსულში დატოვების სიმბოლოს წარმოადგენს. ეს ტრადიცია გავრცელებულია როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ იტალიაში. გარდა ამისა, ბედნიერების მომტანად ითვლება თუ ახალ წელს პირველს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს გადავკოცნით.

დამატებით, საახალწლოდ იტალიის ქალაქებსა და დიდ სოფლებში ღია ცისქვეშ ეწყობა საახალწლო ღონისძიებები, რომელიც სრულდება გრანდიოზული ფოიერვერკებით. თუ გაქვთ შანსი, რომ ახალ წელს ადგილობრივ იტალიელებთან ერთად შეხვდეთ, გირჩევთ, რომ აუცილებლად გამოიყენოთ.

გაზიარება: