საუკეთესო ქალაქები ახალი წლის შესახვედრად

თითოეული ადამიანისთვის ახალი წლის დღესასწაული წლის ყველაზე გამორჩეულ დღეს წარმოადგენს. როგორც წესი, მოსახლეობის უმეტესობა აღნიშნულ დღეს ოჯახთან ერთად ხვდება, თუმცა ფიქრი იმაზე, რომ ახალ წელს უცხო ქვეყანაში შევხვდეთ, ნამდვილად არ არის ცუდი იდეა. მსოფლიოს მეგაპოლისები მართლაც რომ კარგი ლოკაციაა ზემოთქმული გეგმისთვის. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ 5 ქალაქს, სადაც ახალი წლის დადგომას გამორჩეულად ზეიმობენ.

1. სიდნეი, ავსტრალია – სიდნეიში ახალი წლის შეხვედრა ნამდვილი დღესასწაულია. მთავარი შოუ, რა თქმა უნდა, სიდნეის ოპერის თეატრთან არის წარმოდგენილი, სადაც ზუსტად ღამის 00:00 საათზე ეწყობა გრანდიოზული ფოიერვერკი, რომელიც 15 წუთამდე გრძელდება. ეს არის სანახაობა, რომლის ნახვისას შეუძლებელია არ აღმოჩნდე გასაოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ. გარდა ამისა, ულამაზეს სურათს ქმნის აღნიშნული ფოიერვერკის ანარეკლი ოკეანეში. პარალელურად თქვენი განწყობის ამაღლებაზე იზრუნებენ სიდნეის სანაპიროზე მყოფი სანტა კლაუსები, რომლებიც საცურაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი.

2. პარიზი, საფრანგეთი – პარიზში ტრადიციულად ახალი წლის დადგომას ეიფელის კოშკის ქვეშ შეკრებილები ხვდებიან, სადაც ახალი წლის დადგომასთან ერთად ეწყობა ულამაზესი ფოიერვერკი და ეიფელის კოშკის სიკაშკაშე განათებულ ცას უფრო მეტ დატვირთვას სძენს. გარდა აღნიშნული ლოკაციისა, საახალწლო მორთულობით გამოირჩევა პარიზის დისნეილენდიც. ბავშვებს სჯერათ, რომ საახალწლოდ ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდება.

3. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია – ბრაზილიაში ახალ წელს საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა. შესაბამისად, ახალი წლის დადგომას მოსახლეობის დიდი ნაწილი სანაპიროზე ხვდება, სადაც ეწყობა უმშვენიერესი ფოიერვერკები. პლაჟზე ახალი წლის ღამეს შეხვდებით სანტა კლაუსსა და მის ელფებს, რომლებიც საცურაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი. საახალწლო სიმღერასთან ერთად, სანაპიროზე მოისმენთ ბრაზილიურ ჰანგებსაც, რაც მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მოგცემთ.

4. რომი, იტალია – იტალიაში ახალი წელი რომში დაბადებული წმინდა „სილვესტერის“ დღესასწაულს ემთხვევა. იტალიაში ტრადიციადაა ქცეული ის ფაქტი, რომ ამ დღესასწაულს აუცილებლად ახალ ტანისამოსში გამოწყობილნი უნდა შეხვდნენ, რაც ძველის უკან მოტოვების სიმბოლოა. რომში, რა თქმა უნდა, კოლიზეუმთან იმართება სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებები, ეწყობა გრანდიოზული ფოიერვერკი და ირგვლივ ყველაფერი საახალწლო განათებებით არის მორთული.

5. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები – დუბაიში ახალი წელი მართლაც რომ ყვლაზე გამორჩეული და გრანდიოზულია. ბურჯ ხალიფასთან შეკრებილი ადამიანები ღამის 00:00 საათზე მოცეკვავე შადრევნების ფონზე განსაკუთრებულად ლამაზი სურათის შემსწრენი არიან. აქ ფოიერვერკი ნამდვილად არაორდინალური და ულამაზესია. უკვე წლებია, დუბაის ეს შოუ ღირსეულად პირველ ადგილს იკავებს მისი გრანდიოზულობით მსოფლიო მასშტაბით.

გაზიარება: