ევროპის 3 ქალაქი, სადაც მოგზაურობა საკმაოდ იაფია

ალბათ ყველა ვთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ მოგზაურობის დაგეგმვისას ვცდილობთ მაქსიმალურად მცირე ბიუჯეტს მოვერგოთ. წინა რამდენიმე ბლოგში შემოგთავაზეთ სხვადასხვა რჩევა, რაც თქვენს მოგზაურობას შედარებით ეკონომიურს გახდიდა. ამ ბლოგში კი წარმოგიდგენთ ევროპის იმ 3 ქალაქს, რომელიც გამოირჩევა თავისი ინდივიდუალური სტილითა და საკმაოდ დაბალი ფასებით.

  • ბუდაპეშტი, უნგრეთი

უნგრეთის დედაქალაქი ყოველწლიურად მრავალ ტურისტს მასპინძლობს. ეს არის ქალაქი, სადაც საინტერესო დღეების გატარება შეუძლია ყველა გემოვნების მქონე ადამიანს. ბუდაპეშტში შეგიძლიათ მოინახულოთ ისტორიული მუზეუმები, ეწვიოთ კაფე-რესტორნებს, ღამის კლუბებს და სხვა. და რაც მთავარია, ქალაქში ვიზიტისთვის სესხის გამოტანა ნამდვილად არ დაგჭირდებათ. ბუდაპეშტში ჰოსტელის საშუალო ფასი 10-12 ევრომდე მერყეობს. რაც შეეხება კვებას, თუ თქვენ საკვებს სუპერმარკეტში შეიძენთ, ეს პირდაპირ დადებით ასახვას ჰპოვებს თქვენს ბიუჯეტზე. ქალაქში გადაადგილებას საკმაოდ დაბალ ფასში შეძლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში (მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბუდაპეშტის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი კი ხშირად რამდენიმე ათეული ლარის ფარგლებში მერყეობს.

  • ათენი, საბერძნეთი

საბერძნეთის დედაქალაქიც შედის ევროპის იმ ქალაქთა სიაში, სადაც მოგზაურობა საკმაოდ დაბალ ფასშია შესაძლებელი. ქუთაისის აეროპორტიდან, მსგავსად ბუდაპეშტისა, ათენის მიმართულებითაც ავიაბილეთის ფასი საკმაოდ დაბალია. რაც შეეხება კვებას, ათენის საშუალო კლასის კაფე-რესტორნებში სადილი 1 ადამიანზე საშუალოდ 10 ევრომდე უნდა გათვალოთ, ხოლო თუ პროდუქტს სუპერმარკეტში შეიძენთ რამდენიმე ერთეული ევროც საკმარისი იქნება. ათენში მუზეუმების ბილეთის ფასიც საკმაოდ ბიუჯეტურია. გარდა ამისა, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება 1.5 ევრომდე მერყეობს. დამატებით, როგორც ათენის შესახებ ბლოგში ავღნიშნეთ, ქალაქში შეგიძლიათ ისარგებლოთ GEO TAXI-ს სერვისით და ქართველი ემიგრანტების იაფი მომსახურებით.

  • ვილნიუსი, ლიეტუვა

ევროპის ბიუჯეტური ქალაქების სიაშია ვილნიუსიც, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალური არქიტექტურული სტილითა და სილამაზით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ქალაქში მხოლოდ და მხოლოდ 1 ევრო დაგიჯდებათ. ვილნიუსი იმდენად პატარა ქალაქია, რომ გადასაადგილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ველოსიპედიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ვილნიუსს არ აქვს მეტრო. ქალაქში თქვენ შეხვდებით სავაჭრო ცენტრებსაც, სადაც შეძლებთ შეიძინოთ სხვადასხვა სახის სამოსი საკმაოდ მისაღებ ფასებში. მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში პროდუქტი ძალიან იაფია, ერთ ადამიანზე საშუალოდ 3-4 ევრო შეგიძლიათ გათვალოთ. გარდა ამისა, აპარტამენტის ღირებულება იწყება 7-8 ევროდან, რაც ნამდვილად დაბალი ფასია. ქალაქი გამოირჩევა სტუდენტური კაფე-ბარების სიმრავლითაც. გემრიელი ვახშამის შემდეგ, შეგიძლიათ ისეირნოთ ქალაქის ცენტრალურ პარკში და ბოლოს, გედემინას ციხესიმაგრიდან დატკბეთ ქალაქის უმშვენიერესი ხედებით.

გაზიარება: