კარტახენა – სამხრეთ ამერიკის მარგალიტი

კარტახენა სამხრეთ ამერიკის, კეროდ კი კოლუმბიის ნამდვილი გულია. ქალაქში იგრძნობა როგორც ესპანური, ასევე ლათინური და კარიბის კულტურის ერთიანი ნაზავი. ქუჩებში ფეხით ხეტიალი ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ შეიგრძნოთ ქალაქის კულტურული დატვირთვა. თითოეულ შენობას აშკარად ეტყობა ძველი კოლონისტური სტილი, თუმცა ქალაქი იმდენად ფერადია, რომ შეუძლებელია მისი ნახვისას არ აღმოჩნდეთ საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ.

თებერვალში კარტახენას სანაპიროზე სეირნობა დაგვერწმუნეთ, ნამდვილი დღესასწაულია. მაღალი ჰაერის ტემპერატურა, პალმები, ოქროსფერი ქვიშა და ზურმუხტისფერი წყალი – ეს სულ მცირე ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რასაც აქ შეხვდებით.

რაც შეეხება საცხოვრებელ ადგილს, სასტუმროს საშუალო ფასი 15-25$-ის ფარგლებში მერყეობს, ჰოსტელის შემთხვევაში კი ღირებულება, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო იაფია. საცხოვრებლის დაჯავშნამდე გაითვალისწინეთ, რომ დააზუსტოთ აბაზანაში ცხელი წყლის საკითხი, რადგან უმეტესწილად ნომრებში მხოლოდ ცივი წყლით სარგებლობაა შესაძლებელი.

კარტახენაში კვება საკმაოდ იაფია. სულ რაღაც 1-2$-ად შეგიძლიათ მარტივად დანაყრდეთ სწრაფი კვების ობიექტებში, თუმცა თუ თქვენი ჯიბე გასწვდება, პრესტიჟულ რესტორნებშიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნამდვილი კოლუმბიური კერძები. ძირითად ადგილობრივ კერძებში უმეტესწილად ვხვდებით ისეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა შემწვარი ხორცი, ბრინჯი და ლობიო.

ასე რომ, კარტახენა ნამდვილად განსხვავებული განზომილებაა, რომლის მონახულებაც აუცილებლად ღირს.

გაზიარება: