მსოფლიოს 5 გამორჩეული აეროპორტი

საზღვარგარეთ მოგზაურობისას, როგორც წესი, პირველ რიგში აეროპორტის დათვალიერება გვიწევს, რაც უცხო ქვეყნის შესახებ პირველ შთაბეჭდილებებს გვიქმნის. ამიტომაც, სახელმწიფოები ცდილობენ შემოგვთავაზონ რაც შეიძლება ორიგინალური და არაორდინალური აეროპორტის სტილი. ამ ბლოგში კი გაგაცნობთ მსოფლიოს 5 გამორჩეულ აეროპორტს.

1) ჩანგის საერთაშორისო აეროპორტი

საერთაშორისო ასპარეზზე ჩანგის (სინგაპური) აეროპორტმა არაერთხელ მოიპოვა აღიარება, როგორც – ერთ-ერთი ულამაზესი აეროპორტი. აეროპორტის გარე და ასევე შიდა ვიზუალი მართლაც რომ თვალწარმტაცია. იგი სხვა ყველაფერთან ერთად, მოიცავს ორ დიდ კინოთეატრს, ასობით მაღაზიას, ბაღებსა და ხელოვნების გალერეას. გასანკუთრებულ სილამაზეს კი სძენს ხელოვნური ჩანჩქერი. შეუძლებელია, ამ სანახაობის ფონზე გულგრილი დარჩეთ.

2) ადოლფ სუარესის სახელობის მადრიდ-ბარაჯას საერთაშორისო აეროპორტი

ესპანეთი, როგორც სხვა სფეროებში, ასევე აეროპორტის ვიზუალის კუთხითაც გამოირჩევა განსხვავებული და უცხო დიზაინით, რის დასტურსაც ბარაჯას აეროპორტი წარმოადგენს. აეროპორტში დაგებულ ფილებს საუცხოოდ ეხამება ბამბუკის ჭერი, რაც ნამდვილად საოცარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.

3) დაქსინგის (პეკინი) საერთაშორისო აეროპორტი

ჩინეთიც, რა თქმა უნდა, არ ჩამორჩება მსოფლიოს „ტოპ“ კატეგორიებს და გვთავაზობს მართლაც ორიგინალურ და მომნუსხველ აეროპორტს. დაქსინგის აეროპორტს, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში გაიხსნა, მისი გამორჩეული ვიზუალის გამო „ვარსკვლავურ ზღვას“ უწოდებენ.

4) დენვერის საერთაშორისო აეროპორტი

დენვერის აეროპორტი წარმოადგენს აშშ-ს ერთ-ერთ უმსხვილეს აეროპორტს, რომელიც ერთი შეხედვით სამეცნიერო კვლევით ცენტრსაც წააგავს. მრავალი სტატია დაიწერა იმის შესახებ, თითქოს და აღნიშნულ შენობაში მასონთა ორდენის შტაბ-ბინაა განთავსებული, თუმცა მყარი ფაქტები ზემოთქმულის დასამტკიცებლად ამ დრომდე არ გვაქვს.

5) სტამბოლის ახალი საერთაშორისო აეროპორტი

თურქეთმა შეძლო და 2018 წლის შემოდგომის სეზონზე გახსნა მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც წელიწადში 100 000 000-ზე მეტ მგზავრს ემსახურება. სტამბოლის გიგანტურმა აეროპორტმა უკვე მოიპოვა მსოფლიოს აღიარება და მომავალში სერვისების განვითარების კუთხით კვლავ აგრძელებს მუშაობას.

გაზიარება: